მარინა ეზუგბაია – მივმართავ ანტივაქსერებს, დაფიქრდნენ, თავი დაანებონ აგიტაციას და გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში, ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დამარცხება მხოლოდ ვაქცინაციით არის შესაძლებელი.

მან ვაქცინაციის პროცესში ანტივაქსერების როლზეც ისაუბრა და ვაქცინაციის მოწინააღმდეგეებს მიმართა, ხელი არ შეუშალონ ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესს.

„ეს არის ომი და ამ ომის მოგება შეიძლება მხოლოდ ვაქცინაციით. შეფერხება განპირობებულია ვაქცინაციის საწინააღმდეგო ძლიერი მოძრაობით, ე.წ. ანტივაქსერული მოძრაობით. მინდა, მივმართო თითოეულ მათგანს, ძალიან დიდ ტვირთს იღებენ საკუთარ მხრებზე, თითოეული მათგანის მიერ დაბრკოლებული პიროვნება, რომელიც ინფიცირდება და მისი სიცოცხლე შეიძლება, სიკვდილით დამთავრდეს, ამ ანტივაქსერულ მოძრაობაში მყოფი ადამიანების მძიმე ტვირთია. ჩვენ ყველა ვაგებთ პასუხს ჩვენს ქმედებებზე.

მინდა, მივმართო ანტივაქსერებს, რომ დაფიქრდნენ, რადგან ძალიან დიდი ტვირთია, რასაც ისინი იღებენ. დაანებონ თავი აგიტაციას და ანტივაქსერულ მოძრაობას, გადმობრძანდნენ ჩვენს რიგებში და მოსახლეობას დაანახონ, რომ ვაქცინაცია არის კოვიდდაავადების დამამარცხებელი, სხვა გზა ჩვენ არ დაგვრჩენია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.