ირაკლი ზარქუა – ისე მოვექცევით ყველა პატიმარს, როგორც კანონმდებლობა ითვალისწინებს, არავითარი გამონაკლისი არ იქნება

„შიმშილობაც სავარაუდოდ ერთგვარი პროტესტია. მათ შორის, როგორც სხვა ადამიანები არ ეთანხმებიან მისჯილ ნორმას და შიმშილობენ, გამოხატავენ პროტესტს, ამის გამო ადამიანების გარეთ გამოშვება გამორიცხულია, ამაზე ვთანხმდებით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თითოეული პატიმრის უფლება დაცული იქნება და საჭიროების შემთხვევაში, სააკაშვილს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ.

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ამბავს, ჩვენ გვაქვს შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა, რომელიც 2012 წლის შემდეგ რადიკალურად არის შეცვლილი. ეს მხოლოდ ჩემი პოზიცია არ არის. ეს არის საერთაშორისო, იმ ორგანიზაციების დასკვნა, სადაც წერია, რომ გაუმჯობესებულია თითოეული პატიმრის პირობები. ეს ნიშნავს, რომ თუ იქნება საჭიროება, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში. იქაც მომსახურების პრობლემა თუ გახდება, გვაქვს შესაძლებლობა, აპარატი იქნება, თუ სხვა რამ მობილურობით იყოს ეს მომსახურება გაწეული. ახლა პატიმარი რომ მოითხოვს, კერძო კლინიკაში გადამიყვანეთო, ეს არის აბსურდი. ჩვენ თითოეული პატიმრის უფლებებს პატივს ვცემთ და დაცული იქნება. მათ შორის არის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ, მათ შორის ადგილობრივი არასამთავრობოების და შესაბამისი უწყების ზედამხედველობის ქვეშ.

ასე რომ, არც ერთ პატიმარს საფრთხე არ ემუქრება ჩვენი მმართველობის ქვეშ. დღეს ჩვენს შესაბამის უწყებას აქვს ყველა შესაძლებლობა, ჩაუტაროს შესაბამისი სერვისი პატიმრებს. აქ არის კანონი, შესაბამისი პროტოკოლი. კანონმდებლობის მიხედვით, სწორედ ისე მოვექცევით ყველა პატიმარს, როგორც ის ითვალისწინებს, არავითარი გამონაკლისი არ იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.