გიგი უგულავა – კიდევ უფრო ხმამაღლა, მეგობრებო, რომ დაინგრეს ამ ციხის კედლები, ბოლომდე, უნდა გაიგონოს ყველამ, არ შევეგუებით პრეზიდენტის ციხეში შიმშილობას

ციხეში მოშიმშილე პრეზიდენტი არის ის სიმბოლო, რომელიც წალეკავს ამ ქვეყანას, თუ ეს დროზე არ დამთავრდება, – ამის შესახებ გიგი უგულავამ რუსთავში, სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

აქციაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ. გიგი უგულავამ აქციაზე შეკრებილებს მოშიმშილე სააკაშვილის შეძახილებით გამხნევებისკენ მოუწოდა.

„ამ რამდენიმე დღის წინ, ხელისუფლების ერთ-ერთმა ამებამ თავისუფლების მოედანზე განაცხადა, იცით ალბათ, ამება რომელი ჰყავთ, ბევრი ჰყავთ, მაგრამ განსაკუთრებულმა ამებამ – მიშა გამოიხედე ფანჯრიდან, რამდენ ხალხს სძულხარო. მიშა, გამოიხედე ფანჯრიდან და დაინახავ, რამდენ ხალხს უყვარხარ. კიდევ უფრო ხმამაღლა, მეგობრებო, რომ დაინგრეს ამ ციხის კედლები, კიდევ უფრო ხმამაღლა, ბოლომდე, უნდა გაიგონოს ყველამ, რომ ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ პრეზიდენტი ციხეში შიმშილობდეს.

გაიგონოს ივანიშვილმა თავის ბუნკერში, რომ ამ ხალხის ხმას ვერავინ ჩაახშობს. მეგობრებო, ხომ ატყობთ, როგორც კი, თითოეულმა თქვეგანმა გადაწყვიტა, რომ მოვიდეს აქ, რუსთავის ციხესთან, როგორი პანიკა ატეხეს ამ უდღეურებმა.

ახლა, სანამ ჩვენ აქ ვართ, თავისი პროპაგანდისტული საშუალებებით გაავრცელეს მიხეილ სააკაშვილის კადრი, რომელიც გადაღებულია აქ, სამედიცინო დაწესებულებაში. თითქოს და გუშინ თქვენ საღამოდან ნახეთ თქვენ ის წვინტლიანი და რეგვენი იუსტიციის მინისტრი, რომელიც პირდაპირ სახელმწიფო დამნაშავეა და ის გასამართლდება, როგორც სახელმწიფო დამნაშავე და როგორც „მელკი“ პროვოკატორი, პირდაპირ გეტყვით, არ მომერიდება პირდაპირ ეთერში ვიტყვი, როგორც წვინტლიანი ნაბიჭვარი, რომელმაც გუშინ შიშის ზღვარზე გაბედა და დაიწყო ქირქილი, რომ თითქოს რაღაც საჭმელებს იღებს და თითქოს სააკაშვილი არ შიმშილობს. მაშინ მე, შე წვინტლიანო ნაბიჭვარო, მინდა, გკითხო, ვისთვის შექმენი ეს კონსილიუმი, ვისთვის მოიწვიე ექიმები, ვისთვის დადიან ექიმები აქ ყოველდღე, თუ არ შიმშილობს, თქვე მართლა ნაბიჭვრებო, რა სალამურიდან გამოგთალათ თქვენი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.