მდინარაძე სააკაშვილზე: ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც სჭირდება მის ჯანმრთელობას და არა მის და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს

ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მოშიმშილე პატიმარი – ყველასთვის იქნება თანაბარი პირობები. დასჭირდება გადასვლა კლინიკაში – შესთავაზებენ, უარს იტყვის – ამოსავალი წერტილი იქნება ის, რაც მის ჯანმრთელობას სჭირდება და არა მის და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების კაპრიზებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორც ყველა მოშიმშილე პატიმრის მიმართ. პატიმარს გაუკეთებენ ყველაფერს, რაც მის ჯანმრთელობას დასჭირდება – არც მეტს და არც ნაკლებს. თუ რაღაც რისკი იქნება, ეს რისკი გამოირიცხება. თუ კვლევა იქნება ჩასატარებელი – ჩაუტარებენ, რა მეთოდით და როგორ, ამას თვითონ გადაწყვეტენ. იუსტიციის სამინისტრო იზრუნებს იმაზე, რომ შიმშილობამ, ეგრეთ წოდებულმა თუ ნამდვილმა, არ მოიტანოს ცუდი შედეგი სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის“, – აცხადებს მდინარაძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა, მხარდამჭერები კი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.