შალვა პაპუაშვილი – აქციის მონაწილეებისთვის დაძალებაზე, მოსყიდვაზე საუბარი სასაცილოა, როცა „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ ერთი მილიონი მოქალაქე ყოველ არჩევნებზე აძლევს ხმას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დაძალებასა და მოსყიდვაზე საუბარი სასაცილოა მაშინ, როცა „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ ერთი მილიონი მოქალაქე ყოველ არჩევნებზე ხმას აძლევს.

მისივე თქმით, დღეს მნიშვნელოვანია, პოლიტიკურ არჩევანთან ერთად მოქალაქეებმა დააფიქსირონ საზოგადოებრივი არჩევანი.

„რაც შეეხება ამ აქციის მონაწილეებს, როდესაც სულ რაღაც სამი კვირის წინ, ჩვენ 830 000-მა სრულწლოვანმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, „ქართულ ოცნებას“ საშუალოდ ერთი მილიონი მოქალაქე ყოველ არჩევნებზე აძლევს ხმას, საუბარი რაიმენაირად დაძალებაზე, თუ მოსყიდვაზე, სასაცილოა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იქნებიან მონაწილეები – ყველა. 30 ოქტომბერს არის არჩევნების მეორე ტური და ყველამ უნდა დააფიქსიროს თავისი არჩევანი.

დღეს არის აქცია, როდესაც პოლიტიკურ არჩევანთან ერთად მნიშვნელოვანია, დავაფიქსიროთ ჩვენი საზოგადოებრივი არჩევანი. ყველას მოვუწოდებთ, რომ მოვიდეს, კერძო სექტორი იქნება, თუ საჯარო სექტორი. აქაც კარგად ჩანს ჩვენი ოპონენტების დამოკიდებულება და ადამიანების სეგრეგაცია იმისდა მიხედვით, სად არიან დასაქმებული და ვისი მომხრე არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განმარტებით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს შეკრების უფლება.

„საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, შეიკრიბოს ღია ცის ქვეშ და ამ უფლებას თუ ართმევენ ისინი რომელიმე სეგმენტს ჩვენი მოსახლოებისა, აქ არის დასტური, რომ ორი გრამი ძალაუფლებაც რომ დაიბრუნოს ამ ძალამ, ისინი არა მხოლოდ სიტყვით, საქმით დაუბრუნდებიან იმას, რასაც აკეთებდნენ, და აკეთებდნენ იმას, რომ რიყავდნენ, რეცხავდნენ, ართმევდნენ ქონებას, აპატიმრებდნენ და ა.შ. ეს არის ის ძალა, რომელსაც დღეს უბრალოდ არ აქვს ის კბილები, რომელიც ჰქონდა ხელისუფლებაში და ვერ ახორციელებს იმ იდეებს, რაც აქვს. მხოლოდ სიტყვიერად ვხვდებით, რა იქნება მაშინ, ხელისუფლებაში რომ იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რომ საპატრულო პოლიციას საპარკინგე ადგილები აქვს ჩაკეტილი, – პაპუაშვილის თქმით, დღევანდელი თავყრილობა იქნება ბოლო წლების ყველაზე მასშტაბური თავყრილობა, რასაც სჭირდება შესაბამისი რეგულაცია სატრანსპორტო სახით.

„ამას უზრუნველყოფს შსს. რეგულაცია, მათ შორის აქედან გამომდინარე, შსს-ს და საპატრულო სამსახურის გადასაწყვეტია, ვინაიდან მათ იციან, როგორ ხდება ასეთი პროცესების ზუსტი მართვა. ადამიანების დიდი ოდენობა იქნება შეკრებილი. შესაბამისად, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, რომ ამან არ გამოიწვიოს სატრანსპორტო გზების ზედმეტად გადატვირთვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, „სამუშაო დღეს, სამუშაო საათებში აქციას როგორ ესწრებიან საჯარო მოხელეები“, – შალვა პაპუაშვილი პასუხობს: „ვადევნებთ თვალყურს მედიას, როგორ შუქდება, ეს არის კიდევ ერთხელ მცდელობა, წარმოაჩინონ, თითქოს საჯარო მოხელეები იქნებიან დღეს წარმოდგენილი. იცით რამდენი არის საჯარო მოხელე და მაშინ დათვალეთ, რამდენი იქნება აქციაზე, მიხვდებით, რომ ეს არის კიდევ ერთხელ… ყველა, ყველა მოდის, კერძო სექტორიც წამოვა, საჯარო სექტორიც წამოვა, ყველა წამოვა, სამუშაო დროს არ იქნება. ვისაც აქვს სურვილი, მას აქვს შესაძლებლობა, აიღოს შვებულება და წამოვიდეს“.