ლევან იოსელიანი – კერძო კლინიკაში გადაყვანა ჩვეულებრივი ამბავია, ამ სერვისით სარგებლობს ნებისმიერი სხვა პატიმარი და სააკაშვილს ამის უფლება უნდა ჰქონდეს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, აბსოლუტურად გაუგებარია ის გაჯიუტება, რაც ეხება მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას, თუ ეს მას ესაჭიროება.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, თუ პატიმარს შესაბამისი მომსახურება სჭირდება, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ უწევენ, მაშინ მისი გადაყვანა კერძო კლინიკაში უნდა მოხდეს.

„ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ამ სერვისით სარგებლობს ნებისმიერი სხვა პატიმარი და სააკაშვილს უფლება უნდა ჰქონდეს, ამ სერვისით სარგებლობის. სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობა. ამაზე თვალის დახუჭვა, იგნორირება სწორი არ არის. საკითხები, რომელიც დაკავშირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კითხვები არ უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ეს აჟიოტაჟისა და მანიპულაციის საშუალებაც არ უნდა გახდეს. ადვოკატად ვმუშაობდი როგორც წინა, ასევე ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლების დროს პატიმრის საპატიმროდან გამოყვანა და კერძო კლინიკაში გადაყვანა რთული ამბავი იყო და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, რაც არ უნდა საჭიროება ყოფილიყო. ტუბერკულოზიანი პატიმარი მყავდა და სამწუხაროდ, კერძო კლინიკაში ვერ გადავიყვანე, ეს შემთხვევა რთულად დასრულდა.

„ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კი, ისეთი პატიმრები მყავდა, რომლებიც კერძო კლინიკაში გადამიყვანია და სერვისი მიუღიათ. პატიმრის კერძო კლინიკაში გადაყვანა სასჯელის მოხსნას არ გულისხმობს, ეს ხდება სპეციალური სერვისის მიღებით, გამოკვლევის ჩატარებით და ისევ საპატიმროში დაბრუნებით. ისეთი რამე არ არსებობს, რომ ადამიანმა სასჯელი კერძო კლინიკაში მოიხადოს, მაგრამ ისიც წარმოუდგენელია, რომ თუ კონკრეტული სერვისი ესაჭიროება უარი ეთქვას მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს არ უნდა, ამისგან აჟიოტაჟი შეიქმნას. არ ვიცი, ე.წ. ციხის საავადმყოფოს რა სერვისი დაამატეს, მაგრამ თუ ადამიანი ამბობს, რომ მისთვის საკმარისი არ არის სერვისი, დაუყონებლივ უნდა მიიღოს”, – განაცხადა იოსელიანმა.