სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხილვა მიმდინარეობდა – სუსი

საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს, – ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სუსის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, დგინდება, რომ საქმის ფიგურანტები გეგმავენ გარკვეულ დესტრუქციულ ქმედებებს – მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მისი გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეტაპირებისთვის ხელის შეშლის მიზნით, რაც აღნიშნულ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სხვადასხვა საშუალებით ბლოკირებას ითვალისწინებს. მათ გაზრახული აქვთ აღნიშნული დესტრუქციული მოქმედებების განხორციელებით, გამოიწვიონ უკონტროლო სიტუაცია, ქაოსი და შექმნილი ვითარებით, ხელი შეუშალონ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ეტაპირებას. მსგავს ქმედებებს, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილის სხვა დაწესებულებებში ეტაპირების დროსაც. ფაქტთან დაკავშირებით, სუსმა დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობა პენიტენციურ სამსახურს. აღსანიშნავია, რომ საქმის ფიგურანტმა პირებმა, რომლებიც მოწმის სახით იქნენ დაბარებულნი გამოკითხვაზე, უარი განაცხადეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებაზე, რის გამოც, ისინი გამოიკითხებიან კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებით მანიპულირება პროცესების პროვოცირება და აღნიშნულით პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნა წარმოადგენს უკიდურესად სახიფათო აქტივობას, რამაც შესაძლოა, მოიტანოს მძიმე შედეგები და გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყნის უსაფრთხოებას“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს და მას საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი აწარმოებს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სუსმა მოიპოვა აუდიოჩანაწერი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაშია ჩაწერილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2-საათიანი ჩანაწერის ნაწილი გაასაჯაროვა. ჩანაწერი თან აქვს დართული სისხლის სამართლის საქმეს.