მამუკა ხაზარაძე – როგორც არასდროს, ჩვენ ხვალ გვჭირდება მობილიზაცია, გვჭირდება გამარჯვება

ერთ-ერთი სასახელო რაც ჩვენ გაგვაჩნია მრავალხმოვანობაა – ვერ ვისწავლეთ ქართველებმა, თუ როგორ შეიძლება შექმნა პოლიტიკა და მრავალხმიანობას ჰქონდეს ის მნიშვნელობა, როგორიც აქვს ქართულ სიმღერაში, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძე განმარტავს, ხვალ მობილიზაცია და გამარჯვებაა საჭირო.

„დიახ, ქართველები იმით გამოვირჩევით, ერთ-ერთი სასახელო და ყველაზე მაგარი რამ, რაც ჩვენ გაგვაჩნია ბევრ სხვადასხვა ამბავს შორის, არის მრავალხმოვანობა, ჩვენი ქართული სიმღერა, რომლითაც უნიკალურები ვართ, მაგრამ ვერანაირად ვერ გადავთარგმნეთ ეს ყველაფერი პოლიტიკაში. ვერ ვისწავლეთ ქართველებმა, თუ როგორ შეიძლება შექმნა პოლიტიკა და მრავალხმიანობას ჰქონდეს ის მნიშვნელობა, როგორიც აქვს ქართულ სიმღერაში.

მე მინდა გითხრათ, რომ ამ ბრძოლაში ჩემი შემოსვლით თანაგუნდელებთან ერთად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ღვარძლის ენა, რევანში, სიძულვილით საუბარი. დავფიქრდეთ, ერთი ასეთი უნიკალური ქვეყანა გვარგუნა ღმერთმა და ჩვენ კიდევ ჩამორჩენილები ვართ ეკონომიკურად, სიღარიბის პირას, უმუშევრობით და ბევრი უბედურებით, თავს მოხვეული პრობლემით. როგორც არასდროს, ჩვენ ხვალ გვჭირდება მობილიზაცია, ხვალ ჩვენ გვჭირდება გამარჯვება. დიახ, საქართველოს ხვალ გამარჯვება სჭირდება! არა ვინმეზე, არამედ საქართველოსთვის“,- აღნიშნავს ხაზარაძე.