როდესაც გვაიძულებენ ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, ხმას არცერთს არ მივცემ – გიორგი გახარია

30 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა.

გიორგი გახარიამ ხმის მიცემის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იყო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე ცუდი.

„ეს არჩევნები, სამწუხაროდ, არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო. დარწმუნებულია ვარ, ეს იყო ბოლო ცხრა თვის განმავლობაში ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ, ჩვენ ყველანი თუ არ დავფიქრდით – არჩევნებში ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით ადმინისტრაციული რესურსის როლზე და თუ არ დავფიქრდით პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ შეიძლება არჩევნებმა აზრი დაკარგოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჟურნალისტის კითხვას საქართველოსთვის, არის ნიკა მელია თუ კახი კალაძე? „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ შემდეგნაირად უპასუხა:

„როდესაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია ვიდრე თვითონ და საერთოდ, გვაიძულებენ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი, რა თქმა უნდა, არცერთს ხმას არ მივცემ“, – დასძინა პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა.