გიორგი მარგველაშვილი – ხმა მივეცი ჩემ უბნელს, ხმა მივეცი ოპოზიციურ ცვლილებებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მან ხმა „ოპოზიციურ ცვლილებებს“ მისცა.

როგორც მარგველაშვილმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ხმა მისცა იმას, რომ თბილისში ძარცვა და კორუფცია დასრულდეს.

„მე მივეცი ხმა ჩემ უბნელს. მივეცი ხმა ოპოზიციურ ცვლილებებს, მე მივეცი ხმა იმას, რომ თბილისში, ჩემს ქალაქში დასრულდეს კორუფცია, ძარცვა და ადამიანის ქონებისა და ღირსების მიტაცება“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.

„ვინც არ მისულა არჩევნებზე, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, არ არის გარეთ წვიმა, პრინციპში, მშვენიერი ამინდია, თბილა. მიბრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია. ძალიან კარგი გარემოა საარჩევნო უბნებზე, მიბრძანდით და მიეცით ხმა“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ვინც ფიცი დადო ქვეყნის წინაშე, დაინტერესებული უნდა იყოს ქვეყნის სტაბილურობითა და მდგრადობით.

„მიმაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც დავდეთ ფიცი ქვეყნისა და ერის წინაშე, რომ ამ ქვეყნის მთლიანობისთვის გავაკეთებთ ყველაფერს, იყო ეს ფიცი დადებული 5 წლის წინ, 10 წლის წინ თუ 15 წლის წინ, მოქმედებს და ამით უნდა ვიყოთ დაინტერესებული არა პოლიტიკური პოზიციიდან, არამედ ქვეყნის სტაბილურობის და მდგრადობის პოზიციიდან, – სამივე პრეზიდენტი, ამას ხაზს ვუსვამ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.