გიორგი ფხაკაძე – „ამ კვლევას ბევრი ელოდა მსოფლიოში და საბოლოოდ, კიდევ ერთი მტკიცებულება დევს – იქნებ ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს ვაქცინაციაზე, დავუჯეროთ ხოლმე”

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ფაიზერით / მოდერნით ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან, ვიდრე კოვიდგადატანილები.

როგორც ექსპერტი წერს,  ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა ჩატარდა და მას დიდი ხანი ელოდნენ მსოფლიოში.

ფაიზერით / მოდერნით ვაქცინირებულები უფრო დაცულები არიან, ვიდრე კოვიდგადატანილები. ამ კვლევას ბევრი ელოდა მსოფლიოში და საბოლოოდ კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა, წაიკითხეთ კარგად ბმულები).

იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს რამეს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, დავუჯეროთ ხოლმე. ჩემს ქართველ კოლეგებს კი ვურჩევ, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არაერთი უაზრო კომენტარი, რჩევა, მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან. გაუფრთხილდით თქვენს რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს.

ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვის არასასიამოვნო იქნება, მაგრამ ეს არის ფაქტი და სიმართლე. ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი, განმარტება, წინასწარი გათვლები, რომლებიც არ მოხდა, არ შესრულდა. პასუხს გეტყვით – არცერთი”, – აცხადებს ფხაკაძე.

ამასთან, მისივე თქმით, “ყველაფერჩიკებმა” გაანადგურეს საქართველო, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფერო, ხოლო ვაქცინაციის საბჭოს ნდობა არის 0-ის ტოლფასი.

„საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და “ყველაფერჩიკებმა” გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფერო.

საქართველოს ვაქცინაციის საბჭო, მაპატიეთ, მაგრამ მე ერთმა ადამიანმა უფრო მეტი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელმა საბჭო – ეს არის ფაქტი, მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი.

ბოდიში კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს. მე გავაგრძელებ იმას, რასაც ვაკეთებდი. არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემებს,” – წერს გიორგი ფხაკაძე „ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.