ადგილებზე, სადაც ვიყავი, გარემო იყო მშვიდი, პროცესი კარგად ორგანიზებული, მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა – კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საარჩევნო ადგილებზე, სადაც იგი იყო, გარემო იყო მშვიდი, პროცესი კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული.

მან ასევე რუსთავსა და კრწანისში უბნებზე საარჩევნო პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადგილებზე, სადაც იმყოფებოდა, ვითარება იყო მშვიდი და პროცესი კარგად ორგანიზებული.

„მაქვს პრივილეგია, რომ შემიძლია არჩევნების პროცესზე დაკვირვება რუსთავსა და კრწანისში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და დიდი დღეა. მოხარული ვარ, რომ ამომრჩევლები მოდიან უბნებზე და ხმას აძლევენ. ეს არის პროცესი, რომელიც ფუნდამენტურია ჯანსაღი დემოკრატიის ასაშენებლად. მსურს, მადლობა ვუთხრა ყველა მუშაკს, რომლებიც მუშაობენ საუბნო და საოლქო დონეზე. ყველა ადამიანს, პოლიციას, რომელიც ცდილობს, მხარი დაუჭიროს მშვიდ და კარგად ორგანიზებულ გარემოს. მოხარული ვარ გითხრათ, რომ ადგილებზე, სადაც ვიყავი, გარემო იყო მშვიდი, პროცესი კარგად ორგანიზებული და ადმინისტრირებული“, – განაცხადა დეგნანმა.

კელი დეგნანმა მოუწოდა ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა.

„საქართველოს მასშტაბით საელჩოს ჰყავს 70-მდე ადამიანისგან დაკომპლექტებული 26 ჯგუფი, რომლებიც ხედავენ განსხვავებულ რაღაცებს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში. არის ინფორმაცია მედიაზე და საარჩევნო დამკვირვებლებზე თავდასხმების შემთხვევებზე, რომლებსაც არ ეძლევათ უბნებზე შესვლის საშუალება, ასევე მხარეებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაზე. უბრალოდ მოვუწოდებ ყველას, უზრუნველყონ მშვიდი გარემო, რათა ამომრჩეველმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა. ჩვენ გვსურს მაღალი აქტივობა, რომ ქართველმა ლიდერებმა შეძლონ მოსახლეობის ხმის გაგება, რა არის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ასე მუშაობს დემოკრატია საუკეთესოდ. ვიმედოვნებ, მოსახლეობა გამოვა. ატარეთ ნიღბები, მაგრამ გამოდით და მიეცით ხმა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.