ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან ერთი წელი სრულდება

გიორგი კვირიკაშვილი – 28 მარტს ერთი წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან, ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა

მოგეხსენებათ, ვიზალიბერალიზაციის საკითხი ძალიან აქტუალური იყო გასული დღეების განმავლობაში. ხვალ, 28 მარტს 1 წელი სრულდება ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან. ეს არის ჩვენი ქვეყნის უდიდესი მიღწევა. რათქმაუნდა, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგი, მაგრამ ამავე დროს ჩვენი მოსახლეობის ევროპული არჩევანის შედეგი.

ამიტომ, ჩვენ, რათქმაუნდა, ყველანი ვართ ამაყები.  საქართველომ მიაღწია იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის, შენგენის ზონის ქვეყნებში, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ უვიზო მგზავრობის უფლება, ეს არის უდიდესი პოლიტიკური ნაბიჯი ევროკავშირის მხრიდან, ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ და უდიდესი ნდობის გამოხატულება.

კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს პარტნიორს და მეგობარს, რომელთაც ეს ნაბიჯი გადმოდგეს ჩვენს მიმართ. ამავე დროს, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს დგამს საქართველოს ხელისუფლება იმ მიმართულებით, რომ მაქისიმალურად ავიცილოთ თავიდან უვიზო მიმოსვლის დამრღვევთა რაოდენობის ზრდა, გადაუდებლად გამოიღებს შედეგს და ჩვენ შევძლებთ, რათქმაუნდა, ამ უდიდესი სიკეთის შენარჩუნებას.  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქალაქე გაუფრთხილდეს ამ ძალიან დიდ მონაპოვარს, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ.