სალომე ზურაბიშვილი: მოვუწოდებ როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს

საქართველოს პრეზიდენტმა BBC-ს ინტერვიუ მისცა. ჰარდ თოკის მთავარი თემა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება იყო. სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის ელჩობიდან საქართველოს პრეზიდენტობამდე განვლილ პერიოდზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის დაკავების საკითხსაც. წამყვანის კითხვაზე, გმობს თუ ემხრობა პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიის ლიდერის პატიმრობას, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ის მხარს უჭერს კომპრომისს, დეპოლარიზაციასა და დეესკალაციას.

„ვიტყოდი, თუ რას ვუჭერ მხარს. ეს არის კომპრომისი, დეპოლარიზაცია და დეესკელაცია. ჩვენ საკმაოდ რთულ სამუშაოს ვატარებთ კომპრომისის მისაღწევად. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, შესაძლოა მეტად მივმართავ მმართველ გუნდს, რადგან ის მეტადაა პასუხისმგებელი იმაზე, რომ გაანეიტრალოს ოპოზიცური პარტიების მხრიდან შესაძლო პროვოკაციები და ქვეყანაში დესტაბიზილიზაციის სცენარები. ორივე მხარემ მეტი უნდა გააკეთოს ამისთვის, თუკი ორივეს სჯერა, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია, მე კი ამის ნამდვილად მჯერა. არ მგონია, რომ კრიზისი ამას ხელს შეუშალოს. საქართველომ ბევრ პროგრესს მიაღწია. ამას მოწმობს არაერთი ღონისძიება, რომელიც ბოლო პერიოდში შედგა, მათ შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტია, რომელმაც ამ კრიზისის მოგვარების შუამავლობა იკისრა. ამ საკითზე მანამდე აქტიურად მუშაობდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩები. ევროკავშირი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გაჟღერებული კრიტიკის მიუხედავად, საქათველო არის რეგიონში ყველაზე წარმატებული, მეტად დემოკრატიული, სტაბილური ქვეყანა და მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიატორის როლი იკისრა ამ კრიზისის მოგვარებაში. გარწმუნებთ, რომ ამ კრიზისის მოგვარებას ჩვენ შევძლებთ. მოვუწოდებ ორივე მხარეს, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს, შეწყდეს რიტორიკა, პროვოკაციები და დაიწყოს დიალოგი, რათა გახსნილი გონებით მივაღწიოთ კომპრომისს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.