ქართველ საზოგადოებას კიდევ დიდხანს ემახსოვრება ისეთი გენიოსი მსახიობი, როგორიც უშანგი ჩხეიძე იყო

გამოჩენილი ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი უშანგი ჩხეიძე 1898 წლის 28 ნოემბერს დაიბადა ზესტაფონის რაიონის სოფელ ფუთში. როგორც თეატრმცოდნეები ერთხმად აღნიშნავენ, უშანგი ჩხეიძე, როგორც მსახიობი, გამოირჩეოდა მგზნებარე ტემპერამენტით, განცდის სიმართლით, არაჩვეულებრივი სცენური მომხიბვლელობით და ფართო არტისტული დიაპაზონით. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა ვაჟკაცური ტონით, გმირული სულისკვეთებით, იუმორით. მსახიობი თანაბარი წარმატებით ასრულებდა ტრაგიკულ და კომიკურ როლებს.

უგანში ჩხეიძის უშუალო ინიციატივით 1931 წელს მარჯანიშვილის თეატრთან შეიქმნა სტუდია, რომელსაც ხელმძღვანელობდა 35 წლამდე, იყო სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი.

უშანგი ჩხეიძე 1953 წლის პირველ დეკემბერს თბილისში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. თავდაპირველად იგი თბილისის დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. უკანასკნელ გზაზე მსახიობი მთელმა თბილისმა ზღვა ცრემლებით გააცილა. 1999 წელს კი უშანგი ჩხეიძის ნეშტი დიდუბის პანთეონიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს.

მსახიობის და, ნინო ჩხეიძე იგონებს: ”დილის 6 საათზე დამიბარეს დიდუბის პანთეონში, საფლავი გახსნილი დამხვდა. თავზე ოთარ მეღვინეთუხუცესი მადგა და ღვარღვარით ჩამოსდიოდა ცრემლები. მე არ ვტიროდი. დავცქეროდი ჩემი ძმის საფლავს და ვიმეორებდი – სად არის, ბიჭო, შენი ბრიალა თვალები-მეთქი. როგორც ჩანს, ქართველმა ხალხმა ასე გადაწყვიტა – ჩემი ძმის ადგილი მთაწმინდაზეა, იქ, სადაც ქართული ეროვნული სულის ნამდვილი კორიფეები განისვენებენ.

უშანგი ჩხეიძე ქართულ თეატრში ნამდვილი მოვლენა იყო. დღესაც, ათეული წლების შემდეგ საკმარისია უშანგი ჩხეიძის განსახიერებული პერსონაჟები ფოტოზე ნახო ან მისი ხმის ჩანაწერი მოისმინო, რომ მთელი დღე უცნაურ განცდას ვერ დააღწევ თავს.

ზესტაფონში, მის მშობლიურ კუთხეში არსებობს მისი სახელობის სახლ-მუზეუმი, სადაც ყველა მსურველს შეუძლია მოსვლა და მისი ნივთების დათვალიერება. აქ თითქოს დრო უკან ბრუნდება, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყება. რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ქართველ საზოგადოებას კიდევ დიდხანს ემახსოვრება ისეთი გენიოსი მსახიობი, როგორიც უშანგი ჩხეიძე იყო.

 

კომენტარის დატოვება