ირაკლი კობახიძე: 19:00 საათის მონაცემებით, ჩვენ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ

დაფიქსირდა მეორე ტურისთვის უპრეცედენტო აქტიურობა და მადლობა ყველა ამომრჩეველს უპრეცედენტო სამოქალაქო აქტიურობისთვის. შემოსულია მონაცემები ჩვენი აქტივისგან. 19:00 საათის მონაცემებით, ჩვენ არჩევნებს ოცივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან ასევე ამომრჩევლებს მოუწოდა, რომ იაქტიურონ და ხმის მისაცემად დარჩენილი დრო გამოიყენონ.

„საჭიროა ამ გამარჯვების ბოლომდე მიყვანა და ამისთვის თითოეული ხმა მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, საჭიროა სიმშვიდე საარჩევნო უბნებზე. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მოვიწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ რეაგირებისგან. ეს არის ძალიან მნიშველოვანი: პროვოკატორებს არ უნდა მივცეთ საკუთარი განზრახვის სისრულეში მოყვანის საშუალება. ასევე ყველას მოვუწოდებთ, რომ საარჩევნო კომისიებს მისცენ მშვიდად მუშაობის საშუალება“, – განაცხადა კობახიძემ.