კახა კალაძე: იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული, უბნების ამორჩევა და გადათვლაში საერთოდ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ – 11%-ით მოიგო კახა კალაძემ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების გადათვლაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს. მისივე თქმით, მას არჩევნები დიდი უპირატესობით აქვს მოგებული.

„შეუძლიათ, გადათვალონ, არანირი პრობლემა არ არის. თქვენ იცით, რომ შესაძლებელია შემთხვევითობის პრინციპით უბნების ამორჩევა და გადათვლა. ასე რომ, საერთოდ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, იმხელა უპირატესობით გვაქვს მოგებული. ბათილი ბიულეტენი ყოველთვის არსებობს, დარწმუნებული ვარ, ჩემი ბიულეტენებიც უამრავი იქნება გაბათილებული, ამიტომ შერჩევით უნდა გააკეთონ გადათვლა. ვფიქრობ, ეს არც კანონს ეწინააღმდეგება და ამის შესაძლებლობაც არის. 11% – ით მოიგო კახა კალაძემ“, – განაცხადა კალაძემ.

ამომრჩეველზე ზეწოლასთან დაკავშირებით კითხვას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მსგავსი რამ სიმართლეს არ შეესაბამება.

„ეს არის ძალაიან დიდი ტყუილი. იგივე სიებით, რასაც თქვენ აპროტესტებდით და დასდევდით, ყველას აქვს ამ სიების ქონის შესაძლებლობა, რაც საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს არჩევნების დღეს. ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არანაირი კანონდარღვევა არ არის. მთავარია, არჩევნებში გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, დედაქალაქში მხარი დაუჭირეს კახა კალაძეს. მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო და ღირსეულად ვესაუბრო ჩემს ქალაქს და განვახორციელო ყველა ის პროექტი, რაზეც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვსაუბრობდი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.