დღეს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ესტონეთს ეწვევა.

ვიზიტის დროს დაგეგმილ შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის დაგეგმილი სამიტზე ისაუბრებენ. პრემიერის რანგში, ესტონეთში ეს გიორგი კვირიკაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონელ კოლეგა იური რატას შეხვდება. ორი ქვეყნის პრემიერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება ასევე ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და პარლამენტის თავმჯდომარეს ეიკი ნესტორს.

ვიზიტს სიმბოლური მნიშვნელობაც აქვს, რადგან წელს საქართველოს და ესტონეთის დიპლომატიურ ურთიერთობებს 25 წელი შეუსრულდა.