ანი წითლიძე – მესამე პრეზიდენტი როდესაც ციხეშია და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ, მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა

მესამე პრეზიდენტი როდესაც ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ წითლიძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„მე არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არ მქონია კომუნიკაცია პარტიასთან, მოგეხსენებათ, ზუგდიდში ვარ. მაგრამ მესამე პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, როდესაც პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობს და არჩევნები წაგვართვეს, პარლამენტში ჯდომის აზრს ვერ ვხედავ და მანდატის გარეშეც შემიძლია ბრძოლა. (არც მქონია, ისე ვიბრძოდი) „ქართული ოცნება“ უნდა დარჩეს საკუთარ თავთან მარტო. დანარჩენზე ვისაუბრებ აქციებზე“, – განაცხადა ანი წითლიძემ.