3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედზე ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის პროცესის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, უახლოესი დღეების განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა მკვეთრად არ გაიზრდება, ამ ტემპით კი კოვიდს ვერ დავამარცხებთ.

„ყოველდღიურად ვაქცინირებულ ადამიანთა შორის, უდიდესი ნაწილი მეორე დოზაზეა მისული, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი რესურსი, უახლოესი დღეების განმავლობაში მკვეთრად გაიზარდოს ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობა, არ არსებობს. 3, 4 და 5 ათასი ვაქცინირებული ადამიანის იმედზე ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 გარდაიცვალა ადამიანი, ხოლო 4 223 პირი გამოჯანმრთელდა.