ევროპა ახალ წელს უშიშრად შეხვდება, საქართველოში კი იქნება განადგურება  – ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას დამნაშავეა  – გიორგი ფხაკაძე 

ევროპა ახალ წელს უშიშრად შეხვდება, საქართველოში კი იქნება განადგურება  – ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში იღებდა მონაწილეობას დამნაშავეა  – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.

მისივე ვარაუდით, ჩატარებული მიტინგების გამო მოსალოდნელია ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა. ამასთან, იგი თბილისის მერს, კახი კალაძესაც მიმართავს და ბილბორდებზე  წარწერის გაკეთებას- „აიცერით“,  სთხოვს.

,,არჩევნები დამთავრდა. ბატონო კახი კალაძე, გილოცავთ გამარჯვებას. ახლა რეალურ პრობლემებს მივხედოთ. ყველა თქვენს საარჩევნო ბილბორდზე გააკარით მოწოდება – „აიცერით“. ასევე ბილბორდებზე გააკარით ფოტოები, რეანიმაციაში კოვიდინფიცირებულებს რა ემართებათ. ადამიანები დაფიქრდებიან და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ. გამოდით კაბინეტებიდან, იქიდან არ ჩანს საქართველო. ხალხი დაბნეულია. შეხვდით ადამიანებს, დაელაპარაკეთ მათთვის გასაგებ ენაზე. მოგისმენენ, დაგიჯერებენ, ნდობაც დაბრუნდება, სიცოცხლეებიც გადარჩება!

საქართველოში კოვიდით ოფიციალურად დღეში 50 კაცი კვდება, სინამდვილეში ეს ციფრი 4-ზე უნდა გამრავლდეს – ქვეყანაში დღეში 200 კოვიდ-სიკვდილია. ამაზე ფხაკაძის გარდა უკვე აღარავინ ლაპარაკობს, არასაინტერესო და არაპოპულარული თემა გახდა. ხალხი დაიღალა, პოზიტივი უნდა, მაგრამ რეალობა სასტიკია – სიკვდილი სიკვდილია.” – განაცხადა ფხაკაძემ.

როგორც გიორგი ფხაკაძე აღნიშნავს, საქართველოში არის პოლიტიკური პანდემია და არა კოვიდი.

,,ევროპა ახალ წელს უშიშრად შეხვდება. საქართველოში კი იქნება განადგურება. ვწუხვარ. ვინ არის დამნაშავე? ყველა. ყველა პარტია ხართ დამნაშავე, ვინც არჩევნებში იღებდით მონაწილეობას. არც ერთს არ გაინტერესებთ მოქალაქე. ამდენი წინასაარჩევნო შეხვედრები გქონდათ. ავრცელებდით ვირუსს. ბილბორდებზე თქვენი კანდიდატების გვერდზე ვაქცინაციის მოწოდება მაინც მიგეწერათ, რა იქნებოდა?  ახლა მაინც დამთავრდა არჩევნები, ახლა მაინც გააკეთეთ ვაქცინაციის ბილბორდები. მიტინგების ჩასატარებელი ფული გაქვთ და ვაქცინაციის ბილბორდებია არა?! საქართველოში ვერ ვიგრძენი, რომ კოვიდია, საქართველოში არის სიკვდილი და პოლიტიკური პანდემია. ჯერ „ნაცებმა” მოაწყვეს მიტინგი, მერე „ოცნებამ”. ერთ კვირაში ნახეთ, ინფიცირება და სიკვდილიანობა როგორ გაიზრდება” – წერს ფხაკაძე.

ექსპერტის განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი დისკრედიტაციას უკეთებს ჯანდაცვის სამინისტროს.

,,NCDC ვერ აკონტროლებს დაავადებებს, ვერ აგროვებს სტატისტიკას. უცხოურ კომპანია „მეტრომანზეა“ მიბმული, ასევეა პირბადის გამოყენებაზეც, რაღაც ფეისბუქკომპანიის მონაცემებს ეყრდნობიან, საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრი კვლევას არ ატარებს. მერე გამოდიან შეწუხებული სახეეებით, ხალხი რატომ არ იცრებაო. იმიტომ, რომ არაფერს აკეთებთ და არავინ გენდობათ. დაავადებათა კონტროლის ცენტრი დისკრედიტაციას უკეთებს ჯანდაცვის სამინისტროს. ეს არის რეალობა” – აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.