მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის განცხადებები პარლამენტის ბოიკოტზე მათი აგონიით, დაბნეულობითა და არჩევნებში მარცხითაა განპირობებული

ოპოზიციის განცხადებები პარლამენტის ბოიკოტზე არასერიოზულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ რამდენიმე სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. „ჯერ კიდევ მაშინ დაუშვეს შეცდომა, როდესაც 7 ნოემბერს დააანონსეს თავისი აქცია და მალევე საზოგადოების აღშფოთება დაინახეს. რამდენიმე წუთში მათ საზოგადოებისგან მიიღეს ადეკვატური რეაქცია და შემდეგ აქციის ჩატარება გადაიფიქრეს.

მეორე არაადეკვატური მოქმედება მათი მხრიდან ის იყო, რომ თითქოს თვითმმართველობის შედეგებს აპროტესტებდნენ, როცა გასაპროტესტებელი არაფერია და ამ დროს პარლამენტიდან გასვლაზე საუბრობენ. ანუ საკრებულოებში პრობლემები არ აქვთ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ამას ხაზს ვუსვამ და გადიან პარლამენტიდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ შეცდომებს გარკვეულწილად მიხვდა და საპარლამენტო მანდატების დატოვება გადაიფიქრა. „ამის შემდეგ აქაც მიხვდნენ, რომ მანდატების დატოვება და ეს არაადეკვატური საქციელი არ იქნებოდა მათთვისვე სასარგებლო და ამის შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება. ეს შეიძლება მათი აგონიით, დაბნეულობით, თვითმმართველობის არჩევნებში მარცხით იყოს განპირობებული. სხვა ახსნა ამას არ აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.