სალომე ზურაბიშვილი – არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება

არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს, მერებს და წარმატება უსურვა.

„​არჩევნები დასრულდა და მე მინდა, მოვულოცო სრულიად საქართველოს მოსახლეობას მშვიდად ჩატარებული არჩევნები, მიუხედავად არნახული პოლარიზაციისა და სიძულვილის ენის გამოყენებისა. მინდა, მივულოცო გამარჯვება ახლად არჩეულ საკრებულოს წევრებს, მერებს და ვუსურვო წარმატებული საქმიანობა ქვეყნის სამსახურში.

არჩევნებმა ჩაიარა მშვიდად, შეიძლება ითქვას, რამეთუ უპრეცედენტოდ დაბალი იყო ინციდენტების რაოდენობა თვით უბნებში. არჩევნები ჩატარდა თავისუფლად, ოპოზიციის საგრძნობლად გაუმჯობესებული შედეგები პირდაპირ კავშირშია ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვასთან. ასევე, კანდიდატების შედეგებს შორის განსხვავების შემცირება დამახასიათებელია დემოკრატიული არჩევნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია, რომ ცესკო-ს მიერ საარჩევნო პროცესის ადმინისტრირება შეფასდა, როგორც პროფესიონალიზმის მაღალი დონე.

„არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამეთუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას. საზოგადოებას კი მშვიდობა, პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთის მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომლის დაძლევაც მარტო არც ერთ ძალას შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.