უკრაინის ელჩი – სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ გვეხმარება საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში – ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება

სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ინფორმაციას  უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩის შეფასებით, დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისადმი მოწოდება არ ეხმარება საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

მათივე ცნობით, იგორ დოლგოვი იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ვერ დააზიანებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით. ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველო სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის”, – განაცხადა იგორ დოლგოვმა.

One thought on “უკრაინის ელჩი – სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ გვეხმარება საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებაში – ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება

Comments are closed.