ირაკლი ქადაგიშვილი – ელენე ხოშტარია, როგორც პარლამენტარი, ერთხელ არ ყოფილა მოსული, არაფერი გაუკეთებია, მანდატი მხოლოდ შიმშილობის დასაწყებად გამოიყენა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ელენე ხოშტარიას უკვე ერთი წელია, საპარლამენტო მუშაობაში მონაწილეობა არ მიუღია და ახლა პარლამენტის წევრის მანდატი გამოიყენა მხოლოდ იმაში, რომ შიმშილობა დაიწყოს.

ქადაგიშვილის თქმით, ეს არის დეპუტატის მხრიდან პარლამენტარის მანდატის ძალიან დაკნინებული ფორმით გამოყენება.

„უპრეცედენტო მოცემულობაა, რადგან დეპუტატის მანდატი აქვს უკვე ერთი წლის განმავლობაში და ერთი დღე არ ყოფილა პარლამენტში, ერთ საკომიტეტო სხდომას ან ერთ სესიას არ დასწრებია, არც ერთი კანონპროექტის, არც ერთი საკითხის განხილვაზე, რომელიც პარლამენტში ამ ხნის განმავლობაში იხილებოდა, მათ შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პროპორციული წესით არჩევნებს ეხებოდა და ბარიერის ქვემოთ დაწევას, არ ყოფილა ელემენტარულად.

ახლა მოვიდა და პარლამენტის წევრის მანდატი გამოიყენა მხოლოდ იმაში, რომ დაიწყოს შიმშილობა. ვუსურვებ ჯანმრთელობას. ეს არის პარლამენტარის მანდატის ძალიან დაკნინებული ფორმით გამოყენება, რადგან ის, როგორც პარლამენტარი, ერთხელ არ ყოფილა პარლამენტში მოსული და არაფერი გაუკეთებია.
რაც შეეხება ყურადღებას, მათ შორის ქალბატონ ელენე ხოშტარისთან მიმართებაში, სათანადო ყურადღება იქნება გამოჩენილი და მე, რა თქმა უნდა, როგორც პარლამენტარი და კომიტეტის თავმჯდომარე, ამ საკითხით დავინტერესდი და აპარატი მუდმივ კონტაქტში არის. ის „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ოფისში ახორციელებს შიმშილობის აქტს. პარლამენტის აპარატი მუდმივ კონტაქტში არის და თუ რამე დასჭირდება, შესაბამისი ყურადღება იქნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ გუშინ განაცხადა, რომ პარლამენტის შენობაში შიმშილობას იწყებს და მხოლოდ წყალს მიიღებს. მისივე თქმით, მანამდე იშიმშილებს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ.