ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება – კუჭავა ხოშტარიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას განცხადებით, პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარია მონახულების მიზანი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაგება და იმით დაინტერესება იყო, აქვს თუ არა მას ყველანაირი პირობა. ამასთანავე, როგორც კუჭავამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, პარლამენტში მუშაობს ექიმი, რომლისთვის მიმართვა ხოშტარიას ნებისმიერ დროს შეეძლება და თავად ის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე იქნება კავშირზე.

„უბრალოდ მოვინახულე, მაინტერესებდა ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, გამოყენებული იქნება მისი მომსახურებაც. უბრალოდ მაინტერესებდა თუ რამე პირობები აკლდა. ის ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნები თუ საჭირო იქნება.

არ გვისაუბრია ჩვენ ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე, ყველა ადამიანს აქვს შიმშილობის უფლება ეს მათი უფლებაა, ჩემთვის მთავარი იყო იმით დაინტერესება, რამე ხომ არ აკლია, ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და მაქსიმალურად ჰქონდეს ყველანაირი პირობა აქ. კარგია, რომ აქვს შესაბამისი პირობები“,- განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, კახა კუჭავა “დროას” ლიდერ ელენე ხოშტარიას, რომელიც პარლამენტში მესამე დღეა შიმშილობს, დახურულ კარს მიღმა, მედიის გარეშე შეხვდა.

შეხვედრას მოგვიანებით “ლელოს” დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი და რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, დეპუტატი ხათუნა სამნიძე შეუერთდნენ.