ზაალ უდუმაშვილი – ცდილობენ, ჯოჯოხეთი მოუწყონ სააკაშვილს, რაც არის გლდანის ციხე, ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა კატეგორიულად მიუღებელია.

უდუმაშვილის თქმით, გლდანის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ მომსახურებას, რომელიც სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, ასევე, გლდანის ციხეში პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე.

„ეს არის ის, რასაც ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებოდით. პირველი დღიდანვე ვაცხადებდით, და არა მარტო ჩვენ, მისი უფლებების დამცველებიც, ყველა აცხადებდა, რომ კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანა ორი მიზეზის გამო. პირველი – გლდანის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს იმ მომსახურებას, რომელიც სჭირდება ისეთ პაციენტს, რომელიც სააკშვილია და მეორე, პირდაპირ მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე გლდანის ციხეში.

ამ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტის გათვალისწინებით, რომელიც პირდაპირ მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება, ჩვენ ვიყავით კატეგორიული წინააღმდეგი მისი გლდანის ციხეში გადაყვანის. როგორ, დაილია ამ ქვეყანაში საავადმყოფოები, ან თბილისში რომ გადაეყვანათ ისეთ საავამდყოფოში, სადაც მას ნორმალური სამედიცინო სერვისი მიეწოდებოდა, მაგრამ არა, ცდილობენ, ჯოჯოხეთი მოუწყონ სააკაშვილს, რაც არის გლდანის ციხე და ამ ყველაფერს ექნება შესაბამისი რეაგირება.

ჩვენი მოთხოვნა არ შესრულებულა, ყველაფერი რჩება ისევ ისე, გარდა იმისა, რომ პირიქით, უფრო გაუარესდა სააკაშვილის მდგომარეობა გლდანის ციხეში გადაყვანით, ვიდრე ეს იყო რუსთავის ციხეში. არ გვაქვს დროის დაკარგვის დრო, გვჭირდება სწრაფი მოქმედება, შევიკრიბებით და ხალხთან ერთად, რომლებსაც ველოდებით, და აქ ბევრი ადამიანი შეიკრიბება, მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას, როგორი იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. ეს მოვლენები გეგმებში გარკვეულ კორექტივებს შეიტანს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.