ორივე პარტიამ მიქარა მიტინგების ჩატარებით – “ლოქდაუნის” არ გამოცხადება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, მაგრამ 100 ადამიანამდე რომ დაგვეღუპება მერე რას ვშვრებით? – გიორგი ფხაკაძე

საგანგებო მდგომარეობა რომ არ გამოცხადდა ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მაგრამ ას ადამიანამდე რომ დაგვეღუპება მერე რას ვშვრებით? – ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩევლმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ფხაკაძის თქმით, საზოგადოების გარკვეული ჯგუფებისთის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო.

,,ეგრედწოდებული მწვანე საშვების ამოქმედება გადატანილია 1-ელ დეკემბრამდე. მანამდე რას ვაკეთებთ, ველოდებით?! ვხედავთ, რომ ლატარიამ არ იმუშავა, არც ის 200-ლარიანი დახმარება იმუშავებს. მართვის სისტემებში არ გვინდა სირთულე, მარტივად უნდა იყოს ყველაფერი.  პირველი, ქვეყანაში უნდა იყოს მხოლოდ ერთი ,,ფაიზერის” ვაქცინა. მეორე, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის, გარკვეული ჯგუფებისთვის ვაქცინაცია უნდა იყოს სავალდებულო.

მაგალითად ჟურნალისტები, ექიმები, მასწავლებლები. ყველა ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა სხვა ადამიანებთან, იმისათვის რომ თქვენც იყოთ დაცულები და ის ადამიანები, ვისთანაც გაქვთ ურთიერთობა. ასევე, რა თქმა უნდა, სამედიცინო პირბადეები. ეს არის ის მინიმუმი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

მისი თქმით, აუცილებელია ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ერთობლივად მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილება.

,,ორივე პოლიტიკურმა პარტიამ მიქარა მიტინგების ჩატარებით.  მათი მხრიდან საქმისადმი ბავშვური დამოკიდებულებაა. ათობით გარდაცვლილი საქართველოში ყოველდღიურად – ეს სიტუაცია არ შეიცვლება, სანამ ყველა პოლიტიკური პარტია არ დაჯდება ერთად. შეიძლება ვერ იტანდნენ ისინი ერთმანეთს, მაგრამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. არ მივცეთ რუსეთს და სხვა ანტივაქსერ ძალებს უფლება, რომ პოლიტიკური პოლარიზაცია გამოიყენონ ქართველი ერის წინააღმდეგ” – განაცხადა ფხაკაძემ.