ნათია მეზვრიშვილი – ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება პატიმრების მიმართ და ეს ზღვარიც მოშალა დღეს „ოცნებამ“

ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწესთან, ერიკა ოლსონთან ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ის ქმედება, რასაც მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ახორციელებს, არ არის ის სტანდარტი, რითაც უნდა ხელმძღვანელობდეს.

„ჩვენი პოლიტიკური პარტია აქციებში მონაწილეობას არ იღებს, თუმცა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ნაბიჯებს, რომელიც „ოცნებამ“ გადადგა ბრალდებული პატიმრის მიმართ, რასაც გუშინ ჰქონდა ადგილი, რა განცხადებებსაც ბრალდებულის მხრიდან ვისმენთ. ვინც არ უნდა იყოს საპატიმრო დაწესებულებაში, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, თუ სხვა ნებისმიერი ბრალდებული, ეს არ არის ის სტანდარტი, რა სტანდარტითაც ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს. ეს არ არის კანონის შესაბამისი მოქმედება. ერთადერთი, რაც დარჩენილი იყო და რითაც „ოცნება“ ამაყობდა, იყო ამ ხელისუფლების დამოკიდებულება ზოგადად, პატიმრების მიმართ და ვფიქრობ, ეს ზღვარიც, რაც დარჩენილი იყო, მოშალა დღეს „ოცნებამ“. ბუნებრივია, ამას შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს. სანქციებთან დაკავშირებით, ზოგადად, სასამართლოს ნაწილში სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან საუბარი იყო, თუმცა, მე ეს განცხადება არ გამიკეთებია. თუმცა, აქცენტი გავაკეთე საერთაშორისო წნეხის გაზრდის მნიშვნელობაზე, რადგან სხვა ენით, ასეთ ხელისუფლებას ვერ დაელაპარაკები“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.