ხატია დეკანოიძე – პასუხისმგებლობა ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, ღარიბაშვილმა უნდა აიღოს

„ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ­განცხადება მოწმობს, რომ მას კოვიდ სტატისტიკის შელამაზება სურს.

როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა ყველა იმ ადამიანზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ვინც მისი განცხადების შემდეგ ვაქცინის გაკეთებაში დაეჭვდება.

„მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მხარდასაჭერი განცხადება არ გააკეთა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების პოზიციაა, რომ შესაძლებელია დღე- დღეზე რუსეთის სამხედრო აგრესია დაიწყოს უკრაინის წინააღმდეგ, პრემიერი გამოდის ანტივაქსერული განცხადებით. ეს ხდება მაშინ, როდესაც ინფიცირების შემთხვევები ძალიან მაღალია და პანდემიის მართვა არის ძალიან მძიმე, დაბალ ნიშნულზე. ეს არის სახიფათო და ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განცხადება. ეს მოწმობს იმას, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, რაღაცნაირად სტატისტიკა შეალამაზოს და ამიტომ ამბობს, რომ ვაქცინა არ მუშაობს. ამ განცხადებას საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დამაზიანებელ განცხადებად მივიჩნევ და პასუხისმგებლობა ადამიანებზე, ვინც ამის შემდეგ ვაქცინაციაში დაეჭვდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა აიღოს”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, „სხვა შტამების შემთხვევაში სხვა სურათი იყო, მაგრამ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს”.