პატიმრის თანხმობის გარეშე ნებისმიერი კადრების ჩაწერა არის სამართალდარღვევა – სააკაშვილის მიმართ ჩადენილია კრიმინალი – ალექსანდრე კობაიძე

პატიმრის თანხმობის გარეშე ნებისმიერი კადრების ჩაწერა არის სამართალდარღვევა – სააკაშვილის მიმართ ჩადენილია კრიმინალი – ამის შესახებ პარტია ,,პროგრესული საქართველოს” დამფუძნებელმა და უფლებადამცველმა  ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.

როგორც კობაიძე აღნიშნავს, პატიმარ სააკაშვილის მიმართ დარღვეულია მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები.

,,კადრების ნებისმიერი ფორმით ჩაწერა, ვიდეო იქნება ეს თუ აუდიო, სჭირდება ობიექტის ნებართვა, თანხმობა. თუ ის თანხმობას არ გასცემს, ნებისმიერი კადრის ჩაწერა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მარტივ ენაზე რომ გითხრათ, ჩადენილია კრიმინალი. პატიმართა კოდექსში, რომელიც იერარქიულად არის ნორმატიული აქტი, ვკითხულობთ რომ ნებისმიერ შემთხვევაში პატიმარს უფლება აქვს, შეხვდეს ოჯახს, კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან, ისარგებლოს ადვოკატის და სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის კერძო კლინიკით სურვილის შემთხვევაში. მისი პატიმრობა გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. ოჯახის წევრების ინფორმირების გარეშე გადაიყვანეს ციხიდან. მას ასევე არ ეძლევა იმის შესაძლებლობა რომ იმკურნალოს სრულფასოვნად, როცა მისი უფლებაა რომ თავად გადაწყვიტოს თუ სად იმკურნალოს. გარდა ამისა, სააკაშვილი მოატყუეს როცა უთხრეს რომ გადაყავდათ მულტიფუნქციურ კლინიკაში და გადაიყვანეს გლდანის სამედიცინო ცენტრში. საქმე გვაქვს არაადამიანურ მობყრობასთან, როდესაც შენი ნების წინააღმდეგ მოქმედებს სახელმწიფო. ეს არის ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მესამე მუხლის მიხედვით, არაადამიანური მობყრობა, წამების ტოლფასი. დაირღვა მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ამ ყველაფერზე გამოძიებას უნდა მიეცეს მსვლელობა” – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.