ნიკა გვარამია – 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის კი არა, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია, გირჩევნიათ, იმაზე იფიქროთ, თქვენი ხელისუფლება 29-მდე თუ მიგორდა

პირობას გაძლევთ, 29 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოს ეზოში ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, 29 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის ჩანიშვნა, არის ცინიზმის მწვერვალი.

„29 ნოემბერს პროცესის ჩანიშვნა არის ცინიზმის მწვერვალი. მათ დღეს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოგვიტანეს შუამდგომლობაზე, პროცესის ჩანიშვნით 29-ში. მიხეილ სააკაშვილზე თქვეს მათ, რომ ამ დროისთვის ის მაინც არ იქნება და 29-ში განვიხილავთ ამ საკითხს მის გარეშე, რადგან ცოცხალი არ იქნებაო. ეს არის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელსაც ვეუბნები, მიხეილ სააკაშვილი იქნება ცოცხალი და თქვენ არ იქნებით მოსამართლეები, მაღლა მზე იქნება და ეს ასე იქნება. მიხეილ სააკაშვილი 29-შიც ცოცხალი იქნება, იმის მერეც და 29-მდე როგორმე თქვენი ხელისუფლება თუ მიგორდა თავის სასამართლო ხელისუფლებიანად, ყველანაირ ხელისუფლებიანად, ამაზე იფიქროთ, გირჩევნიათ. პირობას გაძლევთ, კვლავ გეუბნებით, 29 მიხეილ სააკაშვილის სიკვდილის თარიღი კი არ არის, თქვენი ხელისუფლების გადაშენების თარიღია“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.