კომპანიების არგუმენტი საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით მისაღებია, გაუგებარია პროტესტი რატომ არის მათკენ მიმართული და არა სახელმწიფოსკენ – პაატა ბაირახტარი

მოსახლეობის პროტესტი საწვავზე ფასების მატებასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, თუმცა არ მესმის რატომ არის ეს პროტესტი მიმართული კომპანიებიკენ და არა სახელმწიფოსკენ – ამის შესახებ ეკონომისტმა და აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

მისივე თქმით, კომპანიების არგუმენტი ნავთობზე ფასების მატებასთან დაკავშირებით არის მისაღები, რადგან ისინი სრულიად დამოკიდებულები არიან მსოფლიო ბაზარზე.

,,პროტესტი, როგორც ასეთი არის საკმაოდ ლეგიტიმური იმდენად, რამდენადაც ჩვენი მოსახლეობის იმ ფენისთვის, რომელიც ახლა მძიმე სოციალურ მდგომარეობაში იმყოფება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ რატომ იხდიან საწვავში კოლოსალურ თანხას. აქედან გამომდინარე, ამ ადამიანების პროტესტი არის სავსებით ლოგიკური. თუმცა, ნამდვილად დღეს საწვავის გაძვირების მთავარი განმაპირობებელი არის გლობალურ ბაზრზებზე ნავთობის ფასების მატება, რასაც რასაკვირველია ქართული კომპანიები გვერდს ვერ აუვლიან იმდენად, რამდენადაც ისინი არიან დამოკიდებული სრულად საერთაშორისო ბირჟებზე ფასების ფორმირებაზე. აქედან გამომდინარე, სავსებით ლოგიკურია ის ფასების მატება, რომელიც პერმანენტულად თითქმის ერთი წელია გრძელდება ნავთობპროდუქტებზე. მით უმეტეს, ამ ყველაფერს ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის დევალვაცია, ლარი 3-5 თეთრით არის გაუფასურებული დოლართან მიმართებაში. კომპანიების არგუმენტი საკმაოდ მისაღები, ობიექტური და გასაგებია. თუმცა, მეორე მხარეს გვაქვს საზოგადოება, რომელიც ყოველდღიურად უფრო დიდ თანხას იხდის საწვავში.

თუმცა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია ეს პროტესტი რატომ არის მიმართული კომპანიების მისამართით და არა სახელმწიფოს მისამართით. იქიდან გამომდინარე, რომ ფასების შიდა რესურსებით შემსუბუქება ხელეწიფება მხოლოდ სახელმწიფოს აქციზის განაკვეთის ცვალებადობით. მე არ ვსაუბრობ სრულიად გაუქმებაზე, მაგრამ შესაძლებელია, რომ აქციზის განაკვეთი დავაბრუნოთ 2017 წლის ნიშნულზე, როდესაც 250 ლარი იყო ერთ ტონაზე ბენზინის შემთხვევაში და გახდა 500 ლარი. ეს ჩვენს მოსახლეობას ერთ ლიტრზე მისცემს 20-22 თეთრიან სხვაობას, რომელიც ნამდვილად კარგი შედეგი იქნება მათთვის” – განაცხადა ბაირახტარმა.

ცნობისთვის, მოქალაქეების ნაწილი საწვავის მაღალი ტარიფის გამო ბოიკოტს უცხადებს კომპანია „ვისოლს“ , ,,გალფს” და უარს ამბობს, ისარგებლონ მათი ბენზინგასამართი სადგურებით. Facebook-ზე ასევე შექმნილია 140-ათასიანი ჯგუფი, სადაც მომხმარებლები წერენ, რომ ასევე უარს აცხადებენ ისარგებლონ ბრენდული ბენზინგასამართი სადგურებით. გარდა ამისა, კვირას 14 ნოემბერს, 12 საათზე აღმაშენებლის ხეივანზე იგეგმება საპროტესტო აქცია.