მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ – პაატა ბაირახტარი

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე  პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ –  ამის შესახებ ეკონომისტმა და აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა ,,ჯიემთივისთან” საუბარში განაცხადა.

ეკონომისტის თქმით, ცენტრალური ბანკის პოზიცია, რომ ის ეროვნულ ვალუტაზე არ არის პასუხისმგებელი არის აბსურდი.

,,ეროვნული ვალუტის სტაბილურობა დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე  პასუხისმგებლობას არ იღებს არავინ. ცენტრალური ბანკი ამბობს, რომ ის არის ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი და არა ეროვნულ ვალუტაზე, რაც თავის მხრივ აბსურდია იმდენად, რამდენადაც ეროვნული ვალუტის სტაბილურობის გარეშე შეუძლებელია ფასებზე სტაბილურობის მიღწევა.

როგორც ეროვნული ვალუტის კურსის თვალსაზრისით, ისე ინფლაციური პროცესების თვალსაზრისით ცოდვები როგორც მონეტარულ, ისე ფისკალურ ხელისუფლებას გააჩნია. მონეტარულმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრჯერ დააგვიანა რეაგირება. ჩვენ შეგვეძლო გვენახა კიდევ უფრო გამკაცრებული მონეტარყლი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა ფასების დონის სამიზნე მაჩვენებლისკენ დაძვრას. თუმცა, ასე არ მოხდა. გაუგებარია მონეტარული ხელისუფლების ქმედება, როდესაც ისინი ეროვნული ვალუტის მასას მუდმივად ზრდიან და აწვდიან კომერციულ ბანკებს. ამ და სხვა ხარვეზების გასწორების შემთხვევაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროვნული ვალუტა გაცილებით უფრო კარგ პოზიციებში იქნებოდა და ფასებზეც აისახებოდა ეს, რა თქმა უნდა” – განაცხადა პაატა ბაირახტარმა.