ივანე ჩხაიძე: არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ შემთხვევითი არაა ბოლო დღეებში ვაქცინირებულთა ყოველდღიური მაჩვენებლის მატება. მისი გაცხადებით, დღიურად ჩატარებული აცრების დადებითი დინამიკა „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებას უკავშირდება.

„არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო. ჯერჯერობით, ალბათ, ძალიან რთულია საქართველოზე კომენტარის გაკეთება, მაგრამ თუ დააკვირდებით ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, დინამიკა დადებითია. ჩვენ, 5 დღის წინ, დღიურად, 1 200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 000-ზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა – გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, საქართველოში ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ამასთან, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას 2022 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიტარებს.