ანა ნაცვლიშვილი ანა ფოტიგას განცხადებაზე – როცა ციხე დახურულია მონიტორინგისთვის, ეს იმის მტკიცებულებაა, რომ იქ ცუდი რაღაც ხდება

როცა ციხე დახურულია მონიტორინგისთვის, ეს არის მტკიცებულება იმის, რომ იქ ცუდი რაღაც ხდება, – ასე გამოეხმაურა „ლელოს“ ერთ-ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი ანა ფოტიგას განცხადებას მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უარის შესახებ.

როგორც ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, ამ ვითარებაში მიუკერძოებელი მესამე მხარის ჩართვა ხელისუფლების ინტერესში უნდა ყოფილიყო.

„ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო და ევროპარლამენტარს, რომელიც ინსტიტუციას წარმოადგენდა, არ მისცა შესაძლებლობა, რომ განეხორციელებინა ვიზიტი და თავისი თვალით მოენახულებინა, როგორც საპატიმროში მყოფი მესამე პრეზიდენტი, ასევე ენახა ის პირობები, რომელშიც ის იმყოფება, ორი რამის დადასტურებაა. პირველი, ეს არის უარი და მიხურული კარი არაერთი ევროპალამენტარისთვის, არამედ ღია გზავნილი ევროპისთვის, პოლიტიკური გზავნილი ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ის კარს უხურავს ევროპას. მეორე, ისეთ ვითარებაში, როცა არის ორი უკიდურესად განსხვავებული ინფორმაციაა იმის შესახებ, სათანადო მკურნალობის გაწევა ხდება თუ არა პატიმარი პრეზიდენტისთვის, ხელისუფლების ინტერესში უნდა ყოფლიყო მიუკერძოებელი მესამე მხარის ჩართვა ამ ვითარებაში, როგორც თვითმხილველის, რომელსაც შესაძლებლობა ექნებოდა საპატიმროში შესულიყო და თავისი შეფასება გაეკეთებინა. თუკი, ხელისუფლებას არაფერი აქვს დასამალი იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება საპატიმროში, მაშინ მისთვის პირიქით, ეს იქნებოდა შესაძლებლობა, რომ მიუკერძოებელი და ძალიან მაღალი პროფილის მქონე სტუმრისთვის ეჩვენებინა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ამ რთული ვითარებისთვის, როცა განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. როცა ციხე დახურულია მონიტორინგისთვის, ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ იქ ცუდი რაღაც ხდება, სხვა შემთხვევაში, ციხის კარი მონიტორინგისთვის მითუმეტეს, მაღალი დონის ვიზიტორისთვის არ იხურება. სამწუხაროდ, ის, რაც გუშინ ვნახეთ, გაგრძელებაა იმის, რაც ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის წინ ვნახეთ – როგორ დახიეს და დაწევს ორჯერ ევროკავშირის დროშა, მორიგი გზავნილია ეს ამ მიმართულებით, საუბედუროდ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.