ანა ფოტიგა – სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ანა ფოტიგამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფოტიგამ ისაუბრა მისთვის მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე უარის დეტალებზე და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

„საქართველოში ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულება იყო, მისი პატიმრობის ადგილზე. ჩვენ ვიცით მისი გადაწყვეტილება შიმშილობის თაობაზე და შეშფოთებული ვართ მისი შიმშილობის ხანგრძლივობით.

ასევე ვიცით სოლიდარობის მიზნით გამოცხადებული შიმშილობის ფაქტების შესახებ სხვადასხვა ადამიანების მიერ. მათ შორის, ელენე ხოშტარიას შესახებ. საბედნიეროდ, მქონდა საშუალებას ის მომენახულებინა პარლამენტში, თბილისში. ჩემი ვიზიტის შესახებ მივმართე იუსტიციის სამინისტროს და ჩემს განაცხადზე უარი მივიღე. როგორც იცით, დიდი ხანია, აქტიურად ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ჩემს თავს საქართველოს და ქართველების მეგობარს ვუწოდებ. ეს ქცევა ჩემს გამოცდილებაზეა დაფუძნებული პოლონეთში და ნებისმიერ სხვა ადგილზე. დარწმუნებული ვარ პატიმრების მხარდაჭერის მნიშვნელობაში. ასე რომ, ამას ჩემს მოვალეობას ვთვლი. იყო შემთხვევები, როდესაც პატიმრების საკითხზე, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“ მომმართავდა. ამჯერად, ჩემი მოთხოვნა იუსტიციის სამინისტროს მიერ უარყოფილ იქნა. ძალიან სამწუხაროა, რადგანაც ჩემს თავს განვიხილავ, როგორც გამოცდილ ადამიანს და ძალიან კარგად ვიცი, მაღალი რანგის პირის შემთხვევაში, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა. პატიმრობაში მყოფი ადამიანის ახლობლები ემოციურები არიან, როგორც წესი; მეორე მხარეს, რომელიც პასუხისმგებელია დაკავებაზე, ასევე აქვს ინტერესი, რომ ცალმხრივად ინფორმაცია გააჟღეროს.” – განაცხადა ფოტიგამ.