არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ექიმების პოლიტიზებას, ბევრ მათგანზე ხდება ზეწოლა, რომ გამოვიდნენ და აქციებში მიიღონ მონაწილეობა

„ნაცმოძრაობა“ ცდილობს ექიმების პოლიტიზებას და მათზე ახდენს ზეწოლას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი დღეს მოშიმშილე პატიმარია და ქვეყანაში არსებობს მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მონიტორინგის სტანდარტი, რომელიც შექმნილია ევროპის საბჭოს საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

„ჩვენ გავაკეთეთ ეს რეფორმის ფარგლებში. ევროსაბჭომ მოგვაწოდა ეს რეკომენდაციები და ზუსტად მაგის საფუძველზე ხდება დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. შესაბამისად, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ერთეული წარმომადგენლები, პოლიტიკოსები აკეთებენ ისეთ ზედაპირულ განცხადებებს, სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომელიც პირდაპირ ემთხვევა „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ მოთხოვნებს.

მოდით მივცეთ ექიმებს საშუალება მიიღონ სამედიცინო გადაწყვეტილებები და არა პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელითაც გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლები პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ ექიმებზე. ასევე, ძალიან ცუდია, რომ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ექიმების პოლიტიზებას. სახეზეა, რომ ბევრ მათგანზე ხდება ზეწოლა, რათა გამოვიდნენ და აქციებში მიიღონ მონაწილეობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.