გიორგი ფხაკაძე ეკატერინე ტიკარაძეს: „კანონში გვინდა მხოლოდ ერთი ჩანაწერი – ეს ერთი ჩასწორება გაზრდის კონკურენციას, ხელმისაწვდომობას, ხარისხს”

წამალი, რომელიც არის რეგისტრირებული საქართველოში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს

მისივე თქმით, ეს ცვლილება კანონში გაზრდის კონკურენციას, ხელმისაწვდომობას და ხარისხს.

,,კანონში/ ბრძანებაში გვინდა მხოლოდ ერთი ჩანაწერი: წამალი, რომელიც არის რეგისტრირებული საქართველოში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველა აფთიაქში. დიახ, ბებო მარო რომ მივა ხულოს აფთიაქში და დასჭირდება ნებისმიერი (ქიმიოთერაპიული წამლების ჩათვლით) მედიკამენტი, მან უნდა მიიღოს წამალი მაქსიმუმ 24 საათში, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ხულოს აფთიაქში.

ეს ერთი ჩასწორება გაზრდის კონკურენციას, გაზრდის ხელმისაწვდომობას, გაზრდის ხარისხს და, რა თქმა უნდა, დასწევს ფასს. ეს არის მსოფლიო გამოცდილებაზე დაფუძნებული ფაქტი” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროში მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდი ტვირთია და სამინისტრო, აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად, აქტიურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.