პენიტენციური სამსახური – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია – არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია ნორმის ფარგლებშია

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის გიორგი ჩიდრაშვილის განცხადებით, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

მისივე თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძირითადი სასიცოცხლო და ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმაშია.

„როგორც მოგეხსენებათ, პაციენტი იმყოფება #18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე, ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები, შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღეის მდგომარეობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა და საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება კონსილიუმს,კონსილიუმი არ შეჩერებულა, ძალაშია კონსილიუმის არსებობა“ , – განაცხადა ჩიდრაშვილმა.