გიული ალასანია – პრეზიდენტის გამოსვლა მომეწონა, მადლობელი ვარ, იმედისმომცემი იყო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება მისთვის იმედისმომცემია.

„სამწუხაროდ, მხოლოდ ფრაგმენტები მესმოდა, მაგრამ მომეჩვენა, რომ დადებითისკენ წავიდა ეს ყველაფერი. თითქოს, ამჯერად მისი გამოსვლა მისაღები და იმედისმომცემი იყო“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

„ქალბატონმა სალომემ ფაქტობრივად ყველა იმ შეკითხვას უპასუხა, რაც მთელი ეს დღეები ისმოდა. მადლობელი ვარ. ვფიქრობ, მისი გამოსვლა საკმაოდ კრიტიკული იყო. სულ ვისმენთ ოფიციალური პირების გამოსვლებს, ზოგიერთ შემთხვევაში დაუფიქრებელ და არაფრთხილ გამოთქმებს, რასაც ქალბატონმა სალომემ ყურადღება მიაქცია. მან აღნიშნა, რომ ასეთი გამოთქმები საზოგადოებაში შემდეგ უკვე ღელვას იწვევს, რაც ნამდვილად ასეა. ვის სჭირდება ეს ყველაფერი“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

კითხვაზე, პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ, გიული ალასანიამ აღნიშნა:

„მას ეს არ უთქვამს, რადგან ჩათვალა, რომ ეს მისი სფერო არ არის. საბოლოოდ მაინც ექიმების გადასაწყვეტი და მათი სათქმელია. ეს სიფრხილე ამით ავხსენი. ჩვენი პრეზიდენტის, ქალბატინი სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა მომეწონა და ამან დიდი იმედი გამიჩინა“.