პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლა იყო არაფრისმთქმელი, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით – გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება „არაფრისმთქმელი“ იყო.

„ეს იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მორიგი, უკეთეს შემთხვევაში რომ ვთქვათ, არაფრისმთქმელი გამოსვლა, რომელიც უდიდესი ალბათობით არის მისი გაგებით რეაქცია იმაზე, რაც უმაღლეს დონეზე საფრანგეთში მოისმინა სააკაშვილის გლდანში გადაყვანის ამაზრზენ ამბავთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, საზოგადოებისა და ქვეყნის პრობლემების გადაჭრაში არც პრეზიდენტისა და არც საპატრიარქოს იმედი არ უნდა გვქონდეს

„ჩვენ არ უნდა გვქონდეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმედი, არც საპატრიარქოს იმედი ჩვენი საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტის საქმეში. ჩვენ ერთადერთი რამე მიგვიყვანს ამოცანის შესრულებამდე, ეს არის ქართული საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობა პოლიტიკურ პროცესში, პოლიტიკური ლიდერებისგან თანმიმდევრულობა და მოლოდინების სწორი მართვა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა.