მიხეილ სააკაშვილს რამე რომ მოუვიდეს, გარწმუნებთ, საქართველო იქცევა ნაწლავებად – მურმან დუმბაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მურმან დუმბაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ქუჩაში გამოვიდნენ და ხელისუფლებას უთხრან, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.

მურმან დუმბაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნავს, რომ არ ეგულება სახელმწიფო, სადაც პატიმარს ისე ექცევიან, როგორც საქართველოში.

„არ ვიცი, დედამიწის ზურგზე არის თუ არა სახელმწიფო, რომელიც პატიმარს ასე ექცევა. რა გინდ ნეგატიური, რა გინდ ავტორიტარული, რა გინდ დიქტატორული სახელმწიფო, რუსეთიც კი, ნავალნის სასამართლო პროცესი, ღია სასამართლო პროცესი იყო. როცა შიმშილობა დაიწყო, ხელისუფლებამ იზრუნა, რომ გამოეყვანა მდგომარეობიდან. მე არ ვიცი, არ მეგულება დედამიწის ზურგზე ისეთი სახელმწიფო, როგორიც არის საქართველო. ეს არის უკიდურესად აღმაშფოთებელი, არ შეიძლება, კაცი სასამართლო პროცესზე არ მოუშვა, არ შეიძლება, კაცს სატელეფონო საუბრის უფლება არ მისცე, არ შეიძლება, მთელი კონსილიუმი, ექიმები, ასეთი მაღალი კლასის პროფესიონალები ამბობდნენ, რომ ეს კაცი სამოქალაქო სექტორშია გადასაყვანი და ცინიკურად…ამ საქმის გამოსწორება შეუძლია მხოლოდ ერთადერთ უზენაესს, ეს არის საქართველოს მოქალაქე, სხვანაირად საქმეს ვერ გამოვასწორებთ. ავტორიტარიზმი არ მარცხდება, დიქტატურები არ მარცხდება საარჩევნო ბიულეტენით და არ მარცხდება მიკროფონთან ლაპარაკით, გამოდით ქუჩაში, დავდგეთ ერთ წერტილში და ხელისუფლებას ვუთხრათ უარი, ვუთხრათ, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება არ შეიძლება. არ შეიძლება, ცოცხალი ადამიანი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოცხლად შეჭამო და მოკლა. რამე რომ მოუვიდეს, გარწმუნებთ, გაძლევთ 1000%-იან გარანტიას, საქართველო იქცევა ნაწლავებად. ეს მითქვამს თქვენთვის, ივანიშვილო, და დანარჩენი შენ გაიგე“, – განაცხადა მურმან დუმბაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი წაიქცა. ბასილაიას თქმით, წაქცევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი საკაცეზე დააწვინეს და წაიყვანეს.