ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას, სანამ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში არ გადაიყვანენ, არაფერს მივიღებ – ელენე ხოშტარია

პარტია “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 17 დღეა შიმშილობს, პროტესტის ნიშნად მედიკამენტოზურ მკურნალობას აჩერებს.

როგორც ხოშტარია Facebook-ზე წერს, სანამ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში არ იქნება გადაყვანილი, შიმშილობისგან გამოწვეული კრიტიკული მაჩვენებლების მკურნალობას არ გააგრძელებს.

“გუშინ მთელი ღამე ველოდებოდი იმ კადრს ან ფრაზას, რომ გადაყავთ ამდენი ექიმის რეკომენდაციის და პანიკის შემდეგ. საბოლოო ჯამში ღამიდან დავასკვენი, რომ იმ დროს, როცა სააკაშვილის თავში და არამარტო, მიდის საშიში პროცესები და კრიტიკულ რამდენიმე საათში გამოკვლეულიც კი არ არის ბოლომდე.

დრო არათუ აღარაა, შეიძლება დაგვიანებულია.

ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ვაჩერებ მედიკამენტოზურ მკურნალობას კრიტიკული მაჩვენებლების წინააღმდეგ და სანამ არ გადაიყვანენ არაფერს არ გადავისხამ და არ მივიღებ.

მე სხვა გზა არ მაქვს. ვერ ვიჯდები უმოქმედოდ გადამწყვეტ წუთებში

გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში სასწრაფოდ!”, – წერს ელენე ხოშტარია.