თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მთავარ მრჩევლად სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე დაინიშნა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზეა აღნიშნული, დავით თევზაძე სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში მთავარი მრჩევლის თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.

ცნობისთვის, დავით თევზაძე 1992 წლის იანვრიდან შეუერთდა ეროვნული გვარდიის რიგებს, მეთაურობდა სარეზერვო ბატალიონ „ორბს“, ამავე წლიდან მონაწილეობდა საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.

1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი, 2004 წელს – საქართველოს ელჩი ნატო-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. დათხოვილია თადარიგში 2004 წლიდან. 2017 წლიდან იგი იყო ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი.