„მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ვაქცინაცია გადაწყვიტეს – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, დამატებითი დოზით აცრა მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომელთა მეორე აცრიდანაც 6 თვე უკვე გავიდა. მისივე თქმით, ბოლოდროინდელმა წამახალისებელმა კამპანიებმა და მწვანე პასპორტების დანერგვამ ქვეყანაში აცრის ტემპი გაზარდა.

„ბუსტერ დოზის აუცილებლობა განსაკუთრებით განაპირობა კორონავირუსის დელტა ვარიანტმა. როგორც ცნობილია, ეს ვაქცინები შექმნილი იყო უხანიდან გავრცელებული, ჩინური ვირუსის საწინააღმდეგოდ და, დელტას შემთხვევაში, ვაქცინის გაკეთებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, ნებისმიერი ვაქცინის დაცვის ძალა კლებულობს. „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც ვაქცინაცია გადაწყვიტეს. რა თქმა უნდა, წინა პერიოდთან შედარებით, დღიურად, 8 და 9 ათასი ვაქცინირებული კარგია, მაგრამ ძალიან ჩამორჩება იმ რიცხვს, რომელიც ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ, წლის ბოლომდე, მოზრდილი მოსახლეობის 60% იყოს ვაქცინირებული“, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 099-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 082 020 აცრა გაკეთდა.