იმ შემთხვევაში, თუ აშშ მე არ დამეხმარება, ეს რეგიონის პროდასავლელი ლიდერებისა და მოსახლეობისთვის საშინელი სიგნალი იქნება – მიხეილ სააკაშვილი

გლდანის ციხეში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ხელისუფლებას მიმართა და მას დახმარება სთხოვა. სააკაშვილმა მიმართვა საკუთარი ადვოკატების დახმარებით გაავრცელა. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.

„იმ შემთხვევაში, თუ აშშ მე არ დამეხმარება, ეს რეგიონის პროდასავლელი ლიდერებისა და მოსახლეობისთვის საშინელი სიგნალი იქნება“ – წერს სააკაშვილი ადვოკატების მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

სააკაშვილი ასევე წერს, რომ ციხეში მასზე ფიზიკურად იძალადეს და მიწაზე ხოხვით ათრიეს. ასევე ციხეში მყოფი პატიმრები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ. „ხელისუფლება უარს ამბობს სამოქალაქო კლინიკაში ჩემს გადაყვანაზე, არ მაძლევს ტელეფონით სარგებლობის საშუალებას და არ მასწრებს საკუთარ სასამართლოზე“ – წერს მიმართვაში მესამე პრეზიდენტი .

სააკაშვილი წერს, რომ ის საქართველოში ოქტომბერში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე დაბრუნდა, რადგანაც ხედავდა, რომ „საქართველოში რუსული თამაში მიდის და ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს ამბობს“.