ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე – სააკაშვილს აღენიშნება პოზიტიური დინამიკა, იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება

მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიურ სტატუსს რაც შეეხება, გუშინდელთან შედარებით პოზიტიური დინამიკა აღენიშნება, თუმცა რჩება გარკვეული ცვლილებები და იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, ნევროლოგმა ალექსანდრე ცისკარიძემ გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

მისი თქმით, კვების აღდგენის პერიოდი, ე.წ. რეფიდინგის პროტოკოლი შეთანხმებულია.

„ამ შემთხვევაში, ნუტრიციოლოგიის სპეციალისტებმა იმსჯელეს ამაზე და შეათანხმეს მკურნალ ექიმებთან. რაც შეეხება პაციენტის ნევროლოგიურ სტატუსს, გუშინდელთან შედარებით გარკვეული პოზიტიური დინამიკა აღენიშნება, თუმცა რჩება გარკვეული ცვლილებები. იმედი გვაქვს, ადეკვატური მკურნალობის ფონზე მდგომარეობა არ დამძიმდება. ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ შეგვიძლია მოდუნება და შეგვიძლია, ვიყოთ მშვიდები, ცხადია, არა. უნდა იყოს ძალიან აქტიური და მნიშვნელოვანი პარამეტრების შემოწმება, ძალიან ყურადღებიანი მონიტორირება. ამის ფონზე ჩვენ ველოდებით იმას, რომ მოხერხდება გართულებების თავიდან აცილება, ჯერჯერობით სრულად ამისგან გარანტირებული არ ვართ“, – განაცხადა ალექსანდრე ცისკარიძემ.