საზოგადოების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უნდა იყოს – გიული ალასანია

„ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა რომ წევს, ამით კმაყოფილი ვერ ვიქნები, საზოგადოების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება უნდა იყოს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ განაცხადა, რომელმაც სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა.

როგორც ალასანიამ განაცხადა, სააკაშვილი სუსტად არის და სიარული უჭირს.

„მდგომარეობა ბევრად უკეთესია წინა დღეებთან შედარებით. ზოგადად არის სუსტად. რაც დავინახე, უჭირს სიარული. ეტყობა, კუნთების პრობლემა აქვს. რეაბილიტაციას რაღაც დრო დასჭირდება. მედპერსონალი, ვინც ვნახე, ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. გაიხსენეთ, რა დღე არის ხვალ. როცა „ვარდების რევოლუციის“ გმირი გისოსებს მიღმა წევს და ფანჯარას აქვს გისოსები, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი.

სტაციონალურ განყოფილებაში წევს, ოთახი პატარაა, მაგრამ მეტი შესაძლებლობა ამ კლინიკაში ალბათ, არაა. სარკმლის გაღების შესაძლებლობა მისცეს. სარკმელი გაღებულია, მაგრამ მასზე არის გისოსები, რაც ძალიან დამთრგუნველია. ხვალინდელ თარიღთან დაკავშირებით, ეს მით უმეტეს დამთრგუნველია და არაბუნებრივია სრულიად.

ჩვენ, როგორც საზოგადოება, რას ვფიქრობთ ამაზე, არის ეს ნორმალური? მე საერთოდ თავისუფლებაზე ვილაპარაკე. ექიმები აკეთებენ ყველაფერს. არაფერი არ დამაბარა, რაღაცებს ფიქრობს თავისთვის. აქ პირობები, იმასთან შედარებით, რაც იყო, უკეთესია, რა თქმა უნდა.

ჩემი სურვილი მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაა და საზოგადოების მოთხოვნაც ასეთი უნდა იყოს. მარაზმში ვართ გადასულები“,- განაცხადა გიული ალასანიამ.