თუ ყველა გადაწყვეტილებაზე ასეთი პანიკა ატყდა და საზოგადოება გარდაქმნებს არ მიჰყვა, ამ რეფორმიდან არაფერი არ გამოვა

თუ ჩვენ სწრაფი გარდაქმნა და რეფორმები გვინდა, მთავრობას არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმის არ უნდა შეეშინდეს და კიდევ უფრო აქტიური უნდა იყოს, – განაცხადა ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი ცუცქირიძემ გადაცემა 2030-ში.

„თუ ყველა გადაწყვეტილებაზე ასეთი პანიკა ატყდა და საზოგადოება გარდაქმნებს არ მიჰყვა, ამ რეფორმიდან არაფერი არ გამოვა. გლობალური კრიზისებიდან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში, ძალიან ბევრი ქვეყნის წინაშე ეკონომიკის სწრაფი ზრდის ფორმულის საკითხი სერიოზულად დგას. ადგილობრივი წარმოების სტიმულირება სერიოზული პრობლებაა, რაც აქამდე არ განიხილებოდა და, რაც ბოლო წლებში გადაიხედა. არ იმუშავა აქტივობის ბაზრისთვის მინდობის მოდელმა, რაც თითქოს კეთილდღეობას თვითონ შექმნიდა. ეს მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ შეძლო“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, თუ სწრაფი ზრდა გვინდა, უნდა შევთანხმდეთ და რეინდუსტრიალიზაცია მოვახდინოთ.

„უნდა შევქმნათ რეალური წარმოება, რის გარეშეც სწრაფი ზრდა არ მიიღწევა და ლარის კურსზე მაშინვე აისახება მსოფლიოში მომხდარი პატარა რყევებიც კი. დიდი ეკონომიკებისგან განსხვავებით, პატარა ეკონომიკებს სხვა სპეციფიკა აქვს. ჩვენ ღია ეკონომიკაში ვართ და  გლობალურ ბაზრებზე პატარა გაფაჩუნებაც კი ჩვენზე გავლებას ახდენს“, – განაცხადა ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.

როგორც მან აღნიშნა, სტატისტიკის მიხედვით, განვადებების ჩათვლით, ბანკების მიერ სამომხმარებლო სესხების 84% ლარშია გაცემული.

„მსოფლიოს ისტორია აჩვენებს, რომ ადგილობრივი ვალუტა მოკლევადიანი იყო. როცა ბანკი ლარს იზიდავს, ცდილობს, რესურსები რისკების გათვალისწინებით გადაანაწილოს და თუ სტატისტიკას ვნახავთ, განვადებების ჩათვლით, სამომხმარებლო სესხების 84% ლარშია გაცემული. ბანკი დოლარს საერთაშორისო საფინანსო ბაზრებიდან იზიდავს,  ბუნებრივია, უფრო გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანია. ამით ბანკი საკრედიტო პოლიტიკას აფინანსებს თორემ ამ რესურსებს იდეა ფიქსად კი არ იზიდავს. როცა აქტივი ერთ ვალუტაში გაქვს, პასივი კი – მეორეში, რა თქმა უნდა, ღია სავალუტო პოზიციის პრობლემა წარმოიქნება, მაგრამ მთავრობამ სწორედ რისკის გადალარების მოდელი წარმოადგინა, რითაც  ბანკებს რისკი ეხსნებათ“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

მისი თქმით, საქართველოში ხელის სხვისკენ გაშვერა უყვართ, რაც ძალიან ცუდია.

„ბანკების მიერ განხორციელებულ სპეკულაციებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება 2014 წელსაც მოვისმინეთ, როცა სავალუტო რყევები დაიწყო. არადა, მოგება-ზარალის უწყისების ნახვა ყველას შეუძლია და მაშინდელი სტატისტიკა რომ ნახოთ, იმ პერიოდში სავალუტო ოპერაციებიდან ბანკებმა ზარალი მიიღეს. მაშინ ყველა ამტკიცებდა, რომ ბანკები სპეკულაციურ მოქმედებებს ახორციელებდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რეალურად, ეს ასე არ ყოფილა. ნებისმიერი რყევის დროს, დარტყმას პირველი, საბანკო სექტორი იღებს. სამწუხაროა, როცა ისეთი განცხადებები კეთდება, რომელიც არანაირ არგუმენტს არ ეყრდნობა“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

კომენტარის დატოვება